არსებობს წიგნები, რომელთა სამყარომაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე და წაკითხვის დროს მიღებული ემოცია დღემდე გუშინდელივით გვახსოვს.
ლიტერატურის სიყვარული სკოლის ასაკიდან ჩნდება და ცხოვრების ბოლომდე, ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება.
მწერალი სალომე ბენიძე გაგიზიარებთ საყვარელ წიგნებსა და ლიტერატურულ სამყაროს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე:
ვფიქრობ, მოზარდის ჩამოყალიბების – აზროვნების ფორმირების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მხატვრული ლიტერატურა.
მხატვრული ლიტერატურა გვეხმარება ვიყოთ უკეთესი ადამიანები, დავინახოთ ის, რასაც ყოველდღიურობაში ვერ ვხედავთ და უბრალოდ, ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ თავთან. ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი კითხვას, ვფიქრობ, მით უკეთესია მისთვის, მისი აზროვნებისთვის და ცხოვრებისთვის.
არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ არსებობს რომელიმე წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, რადგან კითხვა იმდენად ინდივიდუალური რამაა, აქ აუცილებლობები ვერ იარსებებს.
თუმცა არის რამდენიმე წიგნი, რომლის წაკითხვასაც ბავშვებს და მოზარდებს ვურჩევდი, რადგან თითოეულმა მათგანმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ზოგიერთმა მათგანმა – ბავშობაში, ზოგიერთმა კი მოგვიანებით.
ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი”
უსაზღვრო წარმოდგენის მქონე მკითხველისთვის
ჩემს ბავშობაში “ჰარი პოტერი” არ არსებობდა და საკმაოდ გვიან ასაკში შევხვდით ერთმანეთს, თუმცა წავიკითხე თუ არა პირველი ნაწილი, მივხვდი, რომ ჰერმიონ გრეინჯერი იყო ყველა ჩემისთანა გოგოსთვის გმირი და მეგობარი. ის ძალიან ახლოს არის ჩემს ბავშობასთან, ჩემისთანა გოგოების ბავშვობასთან, რომლებიც სანიმუშოები არიან, უყვართ წესების დაცვა, მაგრამ მეგობრების გამო, ხშირად არღვევენ წესებს და ნებისმიერი თავგადასავლისთვის მზად არიან საყვარელი ადამიანების გადასარჩენად. არცერთი გოგო, რომელზეც მანამდე წამიკითხავს, არ ჰგავდა ჰერმიონ გრეინჯერს. მგონია, რომ მისი არსებობა ძალიან ეხმარება გოგოების ახალ თაობებს იმაში, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან.
ნატო დავითაშვილის “იროელთა ქრონიკები”
თავგადასავლების მაძიებლებისთვის
არაჩვეულებრივი ქართული ფენტეზი ყველა ასაკის მკითხველისთვის, განსაკუთრებით, თინეიჯერებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰგონიათ, რომ კითხვა არ უყვართ და სინამდვილეში, ჯერ არ აღმოუჩენიათ წიგნი, რომელიც კითხვის მთელ ბედნიერებას შეაგრძნობინებთ.
ასტრიდ ლინდგრენის ყველაფერი
ასტრიდ ლინდგრენის ყველა ნაწარმოები ძალიან მიყვარდა, გამორჩევაც კი მიჭირს. თუ წამიერად მაინც დავუშვებ, რომ აუცილებელი საკითხავი არსებობს, ეს ნამდვილად ლინდგრენია.
გურამ პეტრიაშვილი – პატარა ქალაქის ზღაპრები
წიგნი, რომელიც შეგრძნებების დონეზე, ყოველთვის ჩემთანაა. სიკეთით სავსე ზღაპრები, რომელიც ზოგჯერ ახლაც მაფიქრებინებს, რომ შეიძლება, თავზე აკვარიუმით გავისეირნო ქუჩაში.
1001 ღამე
გაზაფხულზე ხშირად მემართებოდა ანგინა და მიწევდა სახლში დავრჩენილიყავი. სკოლის გაცდენა არ მიყვარდა და მთავარი, რაც მეხმარებოდა სიცხიანი დღეების და ღამეების გადაგორებაში, იყო “1001 ღამე” და მისი ჭრელი, ჯადოსნური სამყარო, რომელიც უცნაურად დაებედა ჩემს ცხოვრებას – რამდენიმე წლის წინ სალმან რუშდის “ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე” ვთარგმნე, რომელიც სწორედ “1001 ღამით” არის შთაგონებული.
Leave a Reply