7 რჩევა ოჯახის უხუცესი წევრებისთვის

2 წუთის საკითხავი

რა ვქნათ, როდესაც ჩვენი ოჯახის უფროსი წევრები კორონავირუსს სერიოზულად არ აღიქვამენ? 

როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი ხანდაზმულები არიან, ამის მიზეზი მათი იმუნური სისტემა და ორგანიზმის დაქვეითებული ბრძოლისუნარიანობაა. 

ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ერთი, მაქსიმალურად შევზღუდოთ მათი კონტაქტი გარესამყაროსთან და მეორე, კარგად ავუხსნათ, რატომაა ეს დაავადება საშიში და რა წესები უნდა დაიცვას თავად, რომ არ დაავადდეს. 

მოხუცებისგან ხშირად გაგვიგია – რაღა დროს ჩემ თავზე ზრუნვააო, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ COVID-19 სერიოზული დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მოხუცებს ურთულდებათ. ისინი თვეების განმავლობაში წვალობენ და ებრძვიან სიცოცხლეს, ამიტომ ჩვენი ოჯახის უფროს წევრებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, თუ საჭიროა სტატისტიკაც გავუზიაროთ და დავარწმუნოთ, რომ წესების დაცვა აუცილებელია.  

კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ: 

1. მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები 

გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და გაიგეთ, რა პრეპარატები იქნება საჭირო თქვენი ხანდაზმული ოჯახის წევრისთვის. მოიმარაგეთ წამლები და იყავით დაზღვეულები.

2. გამოყავით ის ჭურჭელი , რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ   

მოერიდეთ საერთო ჭურჭლის გამოყენებას. ეცადეთ ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს თავისი თეფში, ჭიქა, ჩანგალი. ცნობილია, რომ ბავშვებში დაავადება ხშირად უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს და ხშირად გადამტანებიც არიან, ამიტომ მოარიდეთ მოხუცები ბავშვებს. ეცადეთ, სახლის პირობებშიც გამოყოთ ისეთი სივრცე, სადაც ბავშვები და ოჯახის უფროსი წევრები დისტაცირებულნი იქნებიან. 

3. ხელი შეუწყვეთ, რომ იკვებოს მეტ-ნაკლებად ჯანსაღად 

არ დაგავიწყდეთ, რომ ვირუსებთან გამკლავება იმუნიტეტის ამაღლებითაც შეგიძლიათ. კვების რაციონში შეიტანეთ პროტეინი (ხორცი, თევზი),  ხილი და ბოსტნეული, მოამზადეთ ჯანსაღი წვნიანები და იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. 
ჯანსაღი კერძების 5 რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

4. შეახსენეთ ხელების ხშირი დაბანა

ხელების დაბანა ყველა ოჯახის წევრისთვის აქტუალურია. შეახსენეთ, თვქენი ოჯახის უხუცეს წევრებს ხელების ხშირი დაბანა 20 წამის განმავლობაში – საპნითა და წყლით. 
სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ გადასართველი პულტი, რათა მშვიდად შეძლონ სასურველ სერიალზე თუ საინფორმაციოზე გადართვა. 
 
5. ნუ გაუშვებთ გარეთ, თუკი რაიმე გადაუდებელი საჭიროება აქვს, გაეგზავნეთ მაღაზიაში 

დღესდღეობით, სახლში ყოფნა ყველას გვეხება, თუმცა ხანდაზმულთათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოარიდეთ გარეთ გასვლას, ყველა სერვისი მაქსიმალურად გამარტივდა და ყველა საკითხის სახლიდან მოგვარებაც შესაძლებელია. თუკი რამის შეძენა სურთ – ოჯახის სხვა წევრი გაუშვით საყიდლებზე. 

6. მოაწესრიგეთ მოხუცის დოკუმენტები და საჭირო ნივთები

მოძებნეთ დოკუმენტები, რომელბიც შეიძლება დაგჭირდეთ მოულოდნელად. მოხუცის საბუთები, პირადი დოკუმენტები, სამეციდინო რეცეპტები თუ სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია თავმოყრილი გქონდეთ ერთ ადგილზე. სასურველია მოამზადოთ ე.წ. “ემერჯენსი” ჩანთა, რომელშიც მოათავსებთ ყველა აუცილებელ ნივთს, რომელიც იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუკი სახლიდან სწრაფად გასვლა მოგიწევთ. 

7. იზრუნეთ ერთმანეთის გამხიარულებაზე

თვითიზოლაციის პირობებში განწყობაზე ზრუნვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – გაიხსენეთ სასაცილო ისტორიები, უკეთ გააცანით ოჯახის წევრებს ერთმანეთი, გაიგეთ, რომელ სერიალებს უყურებს ოჯახის უხუცესი წევრი, მოაყოლეთ სტუდენტობის ისტორიები… 

გახსოვდეთ, რომ სახლში ყოფნის პერიოდშიც შეგიძლიათ ბევრი სახალისო აქტივობების მოფიქრება. ოჯახის წევრებზე ზრუნვით და სახლში დარჩენით კი გარშემომყოფებსაც აზღვევთ!