ძველი უბნის სახლები – აღმაშენებლის 36

4 წუთის საკითხავი

აღმაშენებელზე, ძველი ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 36 ნომერში მოდერნის სტილის შენობაა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის და კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სადარბაზოს სამივე სართული მოხატულია ანგელოზებით და სხვადასხვა პეიზაჟებით. აქვე, ორ ადგილზე ზიჩის ილუსტრაციების მიხედვით ვეფხისტყაოსნის თემაზე შესრულებულ ნახატებსაც ნახავთ. ცნობილია, რომ ეს კედლები ფლორენციელმა მხატვრებმა მოხატეს.

სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილმა მეწარმემ და მეცენატმა, ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. დღეს აქ მისი შვილიშვილი, თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს. პროფესიით კარდიოლოგს, ოდესღაც ჟურნალისტობა უნდოდა და რადგან დღეს აღარ მუშაობს, დროდადრო ბაბუის და სახლის ისტორიის შესახებ ჩანაწერებს აკეთებს და ძველ წერილებს და ისტორიულ ამბებს იკვლევს.
სახლი მაღალჭერიანი, ნათელი და მზიანია. მისაღები ოთახის კედლებზე განლაგებული ნახატები თამარის ქალიშვილს ეკუთვნის. თამარს ორი შვილი და 5 შვილიშილი ყავს. სახლში კი მხოლოდ ის და მეუღლე ცხოვრობენ.

 „ამ სახლში დავიბადე. ჩემთვის აქაურობა არის მთელი სამყარო. სამყარო, რომელიც მასაზრდოებდა სულიერად, ფიზიკურად და გონებრივად. ყველაფერი ხდებოდა ამ ერთ ოთახში, იმიტომ რომ 1927 წელს ერასტი გააკულაკეს – მარტო ეს ოთახი დაუტოვეს, დანარჩენი ყველაფერი წაართვეს. მხოლოდ ახლა, რამდენიმე წლის წინ შეძლო ჩემმა შვილმა თავიდან ეყიდა სახლის დანარჩენი ნაწილი. თავის დროზე სადარბაზოს მსგავსად, შიგნითაც ყველაფერი მოხატული იყო – კედლებიც, ჭერიც, მაგრამ 30-იან წლებში გადაღებეს კომუნისტებმა. სადარბაზოც უნდოდათ გადაეღებათ და მამაჩემმა როგორღაც გადაარჩინა.

აქ ვცხოვრობდოთ მე, ჩემი და, დედაჩემი და მამაჩემი. რატომღაც, ყოველთვის მეგონა, რომ რაც ამ სახლში ხდებოდა, ყველაფერი უნიკალური და განსაკუთრებული იყო. ასეთი შეგრძნებით გავატარე მთელი ცხოვრება.

ერასტი სულ პატარა ბიჭი იყო, ალბათ 6 წლის, ხონის ერთ-ერთი სოფლიდან რომ ჩამოიყვანეს აქ და მეფურნეს მიაბარეს, რომელსაც სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა. მის მშობლებს 9 შვილი ყავდათ. მამა იყო ცნობილი მემარილე, ივანე. სხვა ინფორმაცია ოჯახზე სამწუხაროდ არ გვაქვს. მე სულ მგონია, რომ ცხოვრებაში  გადამწყვეტი ადამიანის ნიჭიერება და ბედია. ეს  პატარა, სოფლიდან ჩამოსული ბიჭი მაინც და მაინც მოხვდა ისეთ ადგილზე, სადაც გვერდით ცნობილ გერმანელი მეწარმის, მანუფაქტურის სპეციალისტის გალანტერიის მაღაზია იყო. როგორც ჩანს, იქ ხშირად შედიოდა ბავშვი და იმის გამო, რომ კარგის სმენა აღმოაჩნდა. 4-5 თვეში უკვე გერმანულად ალაპარაკდა. ამ გერმანელს ალბათ ძალიან მოეწონა ერასტი და ჯერ სასწავლებლად გაუშვა  გერმანიაში, მერე რომ დაბურნდა, კომპანიონად აიყვანა და საქმე ასწავლა.

მოხდა ისე, რომ ეს პატარა ბიჭი გახდა ძალიან კარგი კომერსანტი, პირველი გილდიის ვაჭარი. ევროპიდან დაბრუნებულმა მიზნად დაისახა თბილისში სახლის აშენება. წლები აგროვებდა ბანკში ამისთვის ფულს და ბევრ რამეს იკლებდა. საბოლოოდ მოახერხა და ეს სახლი არაჩვეულებრივი გემოვნებით ააშენებინა. კონკრეტული არქიტექტორის სახელი არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, პოლონელები მუშაობდნენ ამაზე. სადარბაზოზე ვიცით, რომ იტალიელი მხატვრებს მოახატინა. ოჯახის არქივში იყო ბევრი რამე დაცული, მაგრამ უმეტესობა განადგურდა, როცა სახლი ჩამოართვეს.

თითქმის 20 წელი აშენებდა ამ სახლს. მშენებლობა 1903 წელს დაამთავრდა და ამავე წელს დაიბადა მამაჩემი. ერასტის მეუღლე ნინო მაისურაძე იყო, რომელზეც 1890 წელს იქორწინა. მათ სამი შვილი ჰყავდათ, სამივე ბიჭები. როდესაც მეოთხე შვილი, გოგონა გააჩინა, ნინოს იმ პერიოდში გავრცელებული გრიპი, „ისპანკა“ დაემართა და ისიც და ბავშვიც მალევე დაუღუპნენ. ამის შემდეგ ერასტიმ ცოლი აღარ შეირთო და  მთელი ცხოვრება შვილებს და საქმეს მიუძღვნა. ამ ტრაგედიის და შემდეგ ქონების წართმევის მიუხედავად ის მაინც არ გაბოროტებულა. ამ ყველაფერს, როგორც საერთო გასაჭირს, ისე უდგებოდა და ცდილობდა, შვილებისთვის მაქსიმალურად კარგი გარემო და საინტერესო ცხოვრება შეექმნა.

მე ბაბუას ვერ მოვესწარი, მისი გარდაცვალების წელს დავიბადე, 1938-ში. მაგრამ, მახსოვს, რომ ჩემი მშობლებიც ასევე გვზრდიდნენ. ომის პერიოდი და შემდეგი წლები ძალიან რთული იყო. მამა ჰოსპიტალის მთავარიქირურგი იყო ათარბეგოვზე, დედაც ექიმი იყო, მაგრამ მაინც ძალიან უჭირდათ, ბევრი რამ გაყიდეს იმ პერიოდში, რომ თავი გვერჩინა. მიუხედავად ამისა, მაინც სულ მხიარულება იყო სახლში.

მახსოვს, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ერასტის საწერი მაგიდის ქვეშ ჯდომა და თამაში. დედაჩემს ფარდა ჰქონდა ორივე მხრიდან ჩამოფარებული და ვითომ ჩემი ოთახი იყო. საოცრად დიდი და საინტერესო მეჩვენებოდა მაშინ ის სივრცე. არასოდეს მიფიქრია, რომ საწყლები და საცოდავები ვიყავით, არ მიგრძვნია დისკომფორტი, რომ ერთ ოთახში ვცხოვრობდით ყველა. ახალ წელს საჭმელი და სამელი ბევრი არაფერი გვქონდა ხოლმე, მაგრამ ლამაზი ოქროსფერი და ვერცხლისფერი ქაღალდები იყო  შემორჩენილი სახლში და „პრიანიკებს“ გაახვევდნენ და პალმის ხეზე დაკიდებდნენ ხოლმე და ძალიან ბედნიერები ვიყავით მაინც. ეს პალმის ხეც ერასტის დროიდან იყო შემორჩენილი. ჭერამდე წვდებოდა, იმხელა იყო. მერე გახმა.

ისე მიხაროდა ადრე, რომ გამოვიდოდი, აქ, ერთ კუთხეში ატელიე იყო, იქ მესაათე იყო, იქით მანუფაქტურის მაღაზიები, ძველი ხალიჩები… რესტავრაციის შემდეგ ეს ყველაფერი გაქრა. თავდიან ძალიან ვხარობდი, ბევრი რამ გაკეთდა და გალამაზდა, მაგრამ მერე ერთი პერიოდი ისეთი ხმაური დაიწყო, აუტანელი იყო. რაც არ უნდა იყოს, სხვაგან ცხოვრება მაინც ვერ წარმომიდგენია. თითოეული ლურსმანი აქ მიყვარს. სულ ვაბარებ ყვალას ანდერძივით, რომ არასოდეს არ გაყიდოთ ეს სახლი, არასოდეს.