Fusion: მუსიკის, არტის და ფილოსოფიის არეული ამბავი

4 წუთის საკითხავი

ბევრი არაფერი ვიცოდი FUSION-ზე, აბდაუბდა ამბებს მიყვებოდნენ. ძირითადად შორისდებულებით: აუუუ, ოოოოოო, უუუჰ..  აუცილებლად დააყოლებდნენ ხოლმე: აზრი არა აქვს მოყოლას, ნახავ და მიხვდებიო… 

ბერლინში ერთჯერადი, ფირიანი ფოტოაპარატი ვიყიდეთ და ბაუჰაუსში (სამშენებლო და DIY მარკეტი ბერლინში) – საფესტივალო ტოტემის გასაკეთებლად საჭირო ბამბუკის გრძელი ჯოხი, ზედ ჩამოსაცმელი ქაღალდის ფარანი და შიგნით ჩასამაგრებელი განათებები. საღამოს ჩვენი პირველი ტოტემი ავაწყვეთ. დილით კარვებით FUSION-ზე წავედით.

ბილეთის ყიდვის უფლება რომ მოიგო, ნახევარი წლით ადრე ონლაინ რეგისტრირდები. ლატარიაა – ან გიმართლებს, ან არა. თუ გიმართლებს, მსოფლიოს იმ 70 000 ადამიანში ხვდები, რომლებიც წელიწადში ხუთი დღით გაურბიან სისტემას, სამსახურებს, სწავლას, რუტინულ პასუხისმგებლობებს და ალტერნატიულ FUSION-ურ რეალობას უერთდებიან – იქ, სადაც გარანტირებული გაქვს უფლებები და თავისუფლება, სადაც არავინ გტოვებს უყურადღებოდ, სადაც არავის აქვს პრივილეგიები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეტლიანები ისევე ერთობიან, როგორც უეტლოები, სადაც ყველანაირი ზომის და ფორმის სხეული მისაღებია, სადაც ნულია ბრაზი და აგრესია, სადაც უარს ამბობენ ხორცის ჭამაზე და სადაც ძალიან კარგი არტისტები მოხალისეებად უკრავენ, სადაც ექიმები მოხალისეებად მუშაობენ, სადაც ყველას მოუნდება რაიმე სასარგებლო გააკეთოს და რაიმე სახით, ვინმეს მაინც დაუბრუნოს მიღებული სიკეთე. სოციალიზმი, კარგი ფორმით და გაგებით, ფესტივალის კომუნამ რეალობად აქცია და ამის სიმბოლოდ, ფესტივალზე წითელი დროშებიც გამოფინა.

ფესტივალის ტერიტორია ყოფილი მილიტარისტული ბაზაა (234 ჰექტარი). გერმანიაში წითელი არმიის შესვლის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ სამხედრო აეროპორტად აქცია. ბეტონით აშენებულ და ზემოდან ბალახით გადაფარულ ბუნკერებთან, რომლებშიც რუსები საბრძოლო თვითმფრინავებს მალავდნენ, ახლა სცენები, სტატიკური და მოძრავი არტ ინსტალაციები და სკულპტურებია აწყობილი. გინდა, ყველაფერთან ახლოს მიხვიდე და ყველაფერი აღმოაჩინო, მაგრამ 5 დღე არ იქნება საკმარისი. 

ფესტივალის 30-მდე სცენაზე მუსიკა და პერფორმანსები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სცენიდან სცენამდე სულ რაღაც გაოცებს – ან მანქანა, რომელიც მოულოდნელად თოვლს და საპნის ბუშტებს უშვებს, ან ადამიანი, რომელიც ზის და გრძელ ანკესზე ჩამოკიდებული ნეონის თოჯინით ჰაერში თევზაობს, კოცონი, რომელიც მის თავზე დაკიდებულ ლითონის კონსტრუქციებს აბრუნებს, ან კონსტრუქცია, რომელიც ცეცხლის ბუშტებს წამოქმნის, ფესტივალის სხვადასხვა ნაწილში ჩადგმული, ერთმანეთთან დაკავშირებული ძველებური სატელეფონო ჯიხურები, რომლიდანაც უცხო, შემთხვევით ადამიანებს ელაპარაკები ფესტივალის რომელიმე სხვა ნაწილში: ჰეიი, მე ზონენდეკის სცენასთან ვარ, ჰანსი მქვია, სად დავრეკე? დაბსთეიშენზე, მე სოფო ვარ. სოფო, მაქეთ რამე გემრიელი საჭმელი არის? მშია. კი, ვეგეტარიანული ჰოთდოგები და ბურგერებია. კარგი, მოვალ, მადლობა, ნახვამდის… ან -ჰეიიი, მე ჯერი ვარ, უბრალოდ მინდა ვინმეს ავუხსნა, რა კარგია ცხოვრება, მომისმენ 2 წუთი? კიი, გისმენ, მე სოფო ვარ.

დღის და ღამის Fusion-ი ორი პოლუსია. დღისით ცხელა, ტემპერატურა 35 გრადუსამდე ადის, 8 საათზე კარავს მზე რომ მოადგება, სულშეხუთულები ერთმანეთს ვასწრებთ კარვებიდან თავის გამოყოფას. კარვების ზონა ჭრელი და უკიდეგანოა, საფესტივალო ტერიტორია – პასტელური, სილიან ნიადაგზე ხით და რკინით აშენებული სცენებით და ფარდულებით. ცეკვავენ, სცენებიდან ცეკვის მტვერი ადის. ცოტა გვაცვია.  დღის რეივი შედარებით მშვიდია, წყნარად დავდივართ, ცოცხალი მუსიკა დღისით მეტია, ვიდრე ელექტრონული, ჟანრებიც უფრო მრავალფეროვანია. შეგიძლია ვორქშოპებს დაესწრო, სოციალურ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში ჩაერთო ან კინოეკრანი მოძებნო და ფილმებს უყურო, იოგას მოვარჯიშეებს შეუერთდე, მედიტაციური ცეკვის ჯგუფთან ერთად უცნაური მოძრაობები ფეხშიშველმა აკეთო ან Trans Dance Class-ზე ტრანსცეკვის ილეთები დაამუღამო.

ბნელდება და ძალიან ცივა, რაც დღისით ნახე, ყველაფერი იცვლება. რაღაც ჯადოქრობით მოფიქრებული სინათლეები ჭამს დღის გარემოს – პასტელურ ფერებს და ქვიშას ღამეში მკვეთრად ამონათებულ ფერებად გარდაქმნის. მუსიკა მძიმდება, ხეებს თვალები გამოსდით, მათ თავზე ტალღებივით დადიან ზოლიანი ღრუბლები – ოპარტი და ოპტიკური ილუზია. ცეცხლის სცენაზე ცეცხლის არტისტები ჰაერში ხატავენ – მოქნეული ცეცხლის კუდები  წრეებს და ოვალებს ტოვებს, ადგილიდან ვერ ვიძვრი… ტექნო მუსიკის სცენებზე ტოტემებიანი ადამიანები მრავლდებიან. ზოგი ტოტემი შედევრია, ჩვენი – სხვებთან შედარებით ბევრად მოკრძალებული და ნაჩქარევად გაკეთებულია, მაგრამ გვიხარია, რომ გვაქვს. ვცეკვავთ, ცივა, მაგრამ მცხელა, სცენიდან სცენაზე ენერგიულად გადავდივართ, ხან გადავრბივართ, თითქოს მისიებს ვასრულებთ ყველგან, გზა სულ რაღაც თავგადასავალია… თეთრთმიანი და თეთრკაბიანი მოხუცი კაცი მოდის, გენდალფს გავს. ხელით მანიშნებს: შენ წამომყევიო. ცალ ხელს ვკიდებ, მეორეში ტოტემი მიჭირავს და მივყვები. მეშინია ჩემები არ დავკარგო, უკან ვიყურები, მომყვებიან! მე და თეთრი კაცი ქუჩის წარმოდგენის წინამძღოლები ვხდებით. დინჯად მივდივართ და უკან მოგვყვებიან მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ და თან ზურგზე წამოკიდებულ უზარმაზარ თოჯინებს აცეკვებენ. 

წინამძღოლობიდან ისევ რიგითი რეივერი ვხდები, ისევ სცენიდან სცენაზე გადავდივართ, ბევრნი ვართ და ყველას ერთმანეთი გვიყვარს. ვცდილობთ ერთად ვიყოთ, თუ ვინმე დავკარგეთ, და დიდი შანსია რომ დავკარგოთ, ვეღარ ვიპოვით დილამდე, სანამ კარვებთან არ მივალთ. ტელეფონები და ელექტრონული მოწყობილობები არ გვაქვს, მხოლოდ ფირიანი ფოტოაპარატი, რომლითაც ღამე არ ვიღებთ, მხოლოდ დღისით, ისიც იშვიათად. იმას, რასაც ობიექტივში აქცევ, ფესტივალის მთლიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტი ხდება და რეალობას ნაკლებად ასახავს, აზრი არა აქვს, თანაც ვის ახსოვს ფოტოები…

თენდება და კარვებისკენ უნდა წავიდეთ, 2-3 საათი გვაქვს, რომ დავიძინოთ, სანამ მზე კარავს მოადგება. მერე წინა ღამის ამბებს გავიხსენებთ, ფერად ტანსაცმელს ჩავიცვამთ და ყველაფერი თავიდან დაიწყება. მერე თბილისში წავალ და სხვებს მოვუყვები აბდაუბდა ამბებს FUSION-ზე. ბოლოს აუცილებლად დავაყოლებ: ხომ გგონია რომ წარმოიდგინე? სინამდვილეში აზრზე არა ხარ რა არი…

ტექსტი: სოფო ალთუნაშვილი
ფოტო: თორნიკე გოგორიშვილი, დავით ცინცაძე