რატომ მაროკო?
მოგზაურობაზე მეტად ბევრი არაფერი მიყვარს – სისტემის განახლებასავითაა – ახალი იდეები, ახალი გამოცდილებები. დატვირთული სამუშაო წლის მერე ადამიანს ახალი ენერგიის ასაკრეფად აუცილებლად გჭირდება სრული განტვირთვა
ბევრს ვმოგზაურობ-თქო მინდა ვთქვა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მეთქმის – წელიწადში ერთხელ ვმოგზაურობ და ყოველთვის ვცდილობ მოგზაურობა მინიმუმ 7-10 დღიანი მაინც იყოს, რომ მაქსიმალურად შევძლო დანიშნულების ადგილთან კონტაქტში შესვლა – 3-4 დღეში მოგზაურობა, ვფიქრობ ცოტა ზედაპირულია – შენი ინსტაგრამი უფრო მოგზაურობს ვიდრე შენ.
მოგზაურობა დასავლური სამყაროთი დავიწყე, აშშ, ნიდერლანდები, ესპანეთი, გერმანია, საბერძნეთი, ჩემს მაცივარზე მხოლოდ ეს მაგნიტები მქონდა, მაგრამ როცა ამ ქვეყნებში ვმოგზაურობდი, ვხვდებოდი რომ ის შეგრძნება, რომელსაც მოგზაურობა და რაიმე უცხოს ნახვა ქვია, არ მქონდა – ყველაფერი ნაცნობი და „ჩვეულებრივი“ იყო – ალბათ ეს ჰოლივუდის დამსახურებაა. დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით სადაც ანგლო-საქსური კულტურა დომინირებს, გასაკვირი და ახალი ვერაფერი ვიპოვე.
ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ წელს უნდა გვენახა რაიმე ახალი. არჩევანი იაპონიასა და მაროკოს შორის იდგა (კი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან). არჩევანი უკანასკნელზე შევაჩერეთ – გამომდინარე იქიდან რომ მოგზაურობასთან ერთად, დასვენებაც გვინდოდა – დასვენებას კი ესპანეთში ვაპირებდით.
ვიზა, საბუთები
ბილეთები დაახლოებით 6 თვით ადრე ვიყიდეთ – თბილისი-სტამბული-მალაგა-მარაკეში.
მაროკოში მოგზაურობის ყველაზე რთული ნაწილი ვიზა იყო – საქართველოში საკონსულო არ გვაქვს და საბუთების უკრაინაში გაგზავნა შუამავლების დახმარებით მოგვიწია, რასაც დაახლოებით 2 თვე და ბევრი თავისტკივილი დაჭირდა. გაფრენამდე 1 თვით ადრე დადებით პასუხი მოვიდა და ჩვენ მზად ვიყავით წასასვლელად.
გეგმა
ჩვენი გეგმა მარტივი იყო. გვქონდა 7 დღე. ამ დროში მარაკეში კარგად უნდა გაგვეცნო და თან მერზუგას უდაბნოშიც მოვხვედრილიყავით. ბევრი ფიქრის მერე, ეს ორთაბრძოლა მარაკეშის სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 4:3 – 4 დღე მარაკეშში, 3 დღე – უდაბნოსკენ მიმავალ ტურში.










ტექსტი: ირაკლი შენგელია
ფოტო: ანი ქაჯაია