გაკვეთილი #1
ბავშვებო, დღეიდან გაურკვეველი დროით ჩვენ ეზოში ვეღარ გავალთ, ვერ წავალთ საბავშვო ბაღში, ვერ ვისრიალებთ უბნის საქანელაზე და ვერ შევესევით პარკებს. სკოლები რომ უცნობი ვადით დაიხურა, ეგეც ვიცით!
და, აბა რა ვქნათ? გვკითხავენ შვილები და ჩვენ ამ დროს ორ რამეზე უნდა დავფიქრდეთ: როგორ გავართოთ ბავშვები ისე, რომ თან ბავშვების განვითარებაზე ვიფიქროთ და ცოტათი ჩვენც გავერთოთ?
გთავაზობთ 12 პროდუქტიულ და მხიარულ იდეას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის გართობაშიც და ბავშვობაში მოგზაურობაშიც:
1. მოაზამდეთ საუზმე ერთად
მოამზადეთ საუზმე ერთად: შვრიის ფაფა ბანანითა და ვაშლით, შოკოლადის ბლინები, სენდვიჩი, შოკოლადის კექსი… უამრავი რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან თუნდაც – გამოიგონოთ.
2. მუყაოს სასახლე
რადგან ოჯახში მარაგიც საკმაოდ დიდია, შეგიძლიათ ტუალეტის ქაღალდის მორჩენილი რულონით საინტერესო სასახლეები ააშენოთ, ამისათვის წებო, საღებავები და ფანტაზიაც საკმარისია.
3. “გამოიცანი 10 კითხვით”
თამაში ყველა ოჯახის წევრს შეუძლია, ჩაიფიქრეთ სიტყვა და ოჯახის ყველა წევრმა დაგისვათ შეკითხვა, რომლის პასუხი მხოლოდ “კი” და “არა” უნდა იყოს.
მოთამაშე, რომელიც სიტყვას გამოიცნობს – აგროვებს 1 ქულას და თვითონ იფიქრებს მომდევნო სიტყვას.
4. გაცვალეთ როლები
მონაწილე ოჯახის წევრებმა უნდა გაცვალონ როლები და განასახიერონ ერთმანეთი, საინტერესოა, ვინ შეძლებს თქვენი როლის საუკეთესოდ შესრულებას. ასე თქვენს ნამდვილ სახესაც დაინახავთ 🙂
5. გაიცანით ახალი ქვეყანა
იცოდით, რომ ავსტრალიაში ასეთი მომღიმარი არსება ბინადრობს?
შეარჩიეთ ერთი ქვეყანა და მოიძიეთ სახალისო ფაქტები მის შესახებ.
6. გააგრძელე სიტყვა
თამაში ოჯახის ყველა წევრს შეუძლია, წესები მარტივია: დაასახელეთ ქალაქი ან ქვეყანა, ხოლო სიტყვის ბოლო ასო უნდა იყოს მომდევნო მონაწილის სიტყვის პირველი ასო. მაგალითად: თბილისი, იაპონია, არგენტინა, ახალქალაქი…
7. გააცოცხლეთ ბავშვობის თამაშები – “ვირობანა”
რთულია, მოძებნო ადამიანი, ვინც ბავშვობის კლასიკა “ვირობანა” არ იცის: ფურცელზე ან დაფაზე დაწერეთ ერთი ასო. თითოელმა მონაწილემ რიგ-რიგობით უნდა თქვას მომდევნო ასო – სიტყვის გასაგრძელებლად. ადამიანი, ვისზეც სიტყვა დამთავრდება, წაგებული იქნება.
ჩართეთ ოჯახის ყველა წევრი და გაიხსენეთ ერთ-ერთი ყველაზე აზარტული თამაში.
8. კარაოკეზე რას იტყვით?
წარმოგიდგენიათ თქვენი ბავშვის სახე, როდესაც ნახავს, რომ მულტფილმის “Frozen” მთავარ სიმღერას ასრულებთ? მგონი, ამ ბედნიერების გამოტოვება არ ღირს.
9. ერთად შექმენით გაზეთი
რა სიახლეებია სამეზობლოსა თუ სანათესაოში? მარტის თვეში ხშირად არ თოვს ხოლმე…
ეს ის ამბებია, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს საოჯახო გაზეთში გააერთიანოთ. ერთად დახატეთ თქვენი ნაცნობები და მთავარი სიახლეები მათ შესახებ.
10. ერთად დაუწერეთ წერილი მომავალ “მეს”
ძალიან საინტერესო იქნება, თუ ბავშვს წლების შემდეგ, თავისივე წერილი დახვდება წარსულიდან. ერთად დაწერეთ, რას ისურვებდით მომავლისთვის, რა ოცნებები აქვს ბავშვს, როგორი იქნება სკოლაში და მისი დამთავრებისას.
წერილი საიმედოდ შეინახეთ და სკოლის დამთავრების დღეს აჩუქეთ.
11. რა ხდება ფოტოზე?
ეს თამაში საშუალებას მისცემს თქვენს ბავშვს წარმოსახვის უნარი გაივარჯიშოს: ძველი ფოტო-ალბომებიდან ერთად შეარჩიეთ ფოტო, რომელიც ორივეს მოგწონთ, ახლა კი თქვენს ბავშვს სთხოვეთ თავისი წარმოსახვით დაწეროს ისტორია, რაც კადრზეა აღბეჭდილი.
12. სამაგიდო თამაშები
უამრავი სამაგიდო თამაში არსებობს, რომელიც ბავშვის აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს: Jenga, Uno, Monopoly… თუ სახლში ერთ-ერთი მათგანი მაინც გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ბავშვის გართობაზე აღარ ინერვიულოთ
ბავშვთან ერთად დროის გატარება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ეს ურთიერთობა თუ სწორად არ მართეთ, შეიძლება ფუფუნება დიდ თავის ტკივილად გექცეთ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გამოიყენეთ თვითიზოლაციის პერიოდი ბავშვის უკეთ გასაცნობად.
წარმატებებს გისურვებთ!