გვინდა გაგიზიაროთ ისეთი დესერტები, რომელიც გარდა იმისა, რომ ჯანსაღია, სუფრის ნებისმიერ წევრს აღაფრთოვანებს არომატულობითა და სიმსუბუქით.
გთავაზობთ C ვიტამინით გაჯერებულ ტკბილეულობების სიას, რომლებიც მოსამზადებლადაც მარტივია და საინტერესო არომატებითაც გამოირჩევა.
მოიმარჯვეთ საჭირო ჭურჭელი და დავიწყოთ:
1. ლიმონის კუბები
რბილი ჰაეროვანი და არომატული დესერტი
დაგვჭირდება:
ფქვილი – 360 გრ
კარაქი – 170 გრ
კვერცხი – 8 ცალი
ლიმონის წვენი – 240 მლ
შაქარი – 600 გრ
ცედრა – 3 ლიმონის კანი
მარილი – 1 ჩ/კ
შაქრის პუდრა – 66 გრ
ბისკვიტი – 300 გრამ ფქვილს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 66 გრამი შაქრის პუდრა, მოურიეთ და დაუმატეთ 170 გრამი დამდნარი კარაქი. მოურიეთ მიქსერით. ცომი საკმაოდ მშრალი იქნება და არ შეშინდეთ – სწორად მიდიხართ!
მართკუთხედ ნამცხვრის ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდის ფირფიტები და მიღებული მასა კარგად გადაანაწილეთ ჭურჭლის ძირზე.
გააცხელეთ ღუმელი 350 გრადუსზე და შედგით ჭურჭელი 20 წუთის განმავლობაში. ბისკვიტი უნდა იყოს ოქროსფერი ან ოდნავ მუქი.
ციტრუსოვანი მასა – სანამ ბისკვიტი მზადდება, გადავიდეთ ციტრუსოვან მასაზე: 600 გრამ შაქარს დაუმატეთ 3 ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა. მიქსერით შეურიეთ ცედრა შაქრის პორციას – მიიღებთ პასტელურ ყვითელ ფხვიერ მასას.
შაქრისა და ცედრას მასას დაუმატეთ 60 გრამი ფქვილი, 8 ცალი კვერცხი, და 240 მლ ლიმონის წვენი. მიღებული მასა კარგად ათქვიფეთ. როდესაც მასა ერთიან ფორმას მიიღებს, დაასხით უკვე გამომცხვარ ბისკვიტს. შედგით ღუმელში 25 წუთის განმავლობაში, 250 გრადუსზე.
ღუმელიდან გამოღებისას მოათავსეთ მაცივარში 2 საათით, გააფორმეთ შაქრის პუდრით და სველი დანით დაჭერით კუბებად.
ესეც ციტრუსის ჰაეროვნება!
2. ფორთოხლის კანფეტები
ყველაზე მარტივი და სასარგებლო ტკბილეული ყველასთვის
დაგვჭირდება:
სასურველი რაოდენობის ციტრუსი (ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი…)
შაქარი – 1 ჭიქა
მინიმალური ინგრედიენტებით დავიწყოთ ტკბილეულის მომზადება: სასურველი რაოდენობის ციტრუსი აიღეთ და ჩამოათალეთ კანი. პარალელურად აადუღეთ წყალი.
ჩამოთლილი კანი მოათავსეთ ადუღებულ წყალში და განაგრძეთ ხარშვა 10 წუთის განმავლობაში.
გადმოიღეთ კანი და გადაწურეთ.
ქვაბში მოათავსეთ 1 ჭიქა შაქარი, დაასხით ამავე რაოდენობის წყალი და წამოადუღეთ.
როგორც კი სითხე დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ ციტრუსის კანი და ხაშეთ 10 წუთის განმავლობაში.
მიღებული ტკბილეული სურვილისამებრ, ამოავლეთ შაქარში ან შოკოლადში.
3. ნესვის სალათა
დაგვჭირდება:
ნესვი – 1.5 კგ
ფორთოხალი – 2 ცალი
პიტნა – 1 კონა
ზეითუნის ზეთი – 60 მლ
ნიგოზი – ერთი მუჭა
ცედრა – ½ ლიმონის
პილპილი – 2 ჩ/კ
მოამზადეთ ინგრედიენტები: გახეხეთ 1 ფორთოხლის კანი და ცედრა გადადგით გვერდზე.
გათალეთ ორივე ფორთოხალი და თითოეული ლებანი კარგად გაფცქვენით.
წვრილად დაჭერით ნიგოზი.
პიტნის ფოთლები განაცალკევეთ ღეროებისგან.
ახლა კი მოამზადეთ არომატული სალათა: დაჭერით ნესვი გრძელ ნაჭრებად და გადაანაწილეთ თეფშებზე, ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოაყარეთ ნესვს და მარტივი, საზაფხულო სალათაც მზად არის!
4. ლიმონის მუსი
დაგვჭირდება:
ლიმონის წვენი – 50 მლ
ცედრა – 1 ჩ/კ
შაქარი – 100 გრ
კვერცხი – 3 ცალი
კარაქი – 40 გრ
ნაღები – 1 ჭიქა
შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და 2 მთლიანი კვერცხი – კარგად მოურიეთ და დაიწყეთ ორთქლზე ხარშვა მანამ, სანამ მასა არ გასქელდება.
მიღებულ სითხედ დაუმატეთ კარაქი, ამოურიეთ და რკინის საცერის დახმარებით გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. ჭურჭელს დააფარეთ პოლიეთილენის პარკი და მოათავსეთ მაცივარში – ერთი საათის განმავლობაში.
პარალელურად მოამზადეთ მუსი – 1 ჭიქა ნაღები ჩაასხით ჯამში და მიქსერით ურიეთ კრემის კარგად აფუებამდე.
ლიმონის მასა გამოიღეთ მაცივრიდან და შეურიეთ ნაღებს. მიღებული მუსი ჩაასხით ჭიქებში და სერვირებისთვის გამოიყენეთ სასურველი ხილი!
ესეც ციტრუსის მარტივი და გემრიელი რეცეპტები!
გემრიელად მიირთვით!