როგორ დავიცვათ ონლაინ შეხვედრების ეტიკეტი?

2 წუთის საკითხავი

პანდემიის დასრულების მიუხედავად, ონლაინ შეხვედრები ჩვენი სამსახურის განუყრელი ნაწილი გახდა და შეხვედრის დაწყების აუცილებელი კომენტარებია: „ისმის ჩემი ხმა?“ „ჩემთან ყველანი არ ჩანხართ“, „აბა, 45 წუთში ჩავეტიოთ“.

რადგან ონლაინ შეხვედრის დროს იმის ფუფუნება გვაქვს, რომ საცვლების ამარა ვისხდეთ და სერიოზული სახით კომპანიის სტრატეგიაზე ვისაუბროთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეხვედრის ეტიკეტი არ უნდა დავიცვათ.

ესეც რჩევები, ონლაინ შეხვედრის პროფესიონალურ დონეზე ჩასატარებლად:

ნუ დაუშვებთ შეხვედრაზე გზააბნეულ მონაწილეებს 

გახსოვდეთ, რომ ხშირად ზარის დაწყებისას შეხვედრა საჯაროა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოსვლა, ამიტომ გახადეთ ზარი პირადი (Private), რათა ვერც ერთმა გზააბნეულმა მონაწილემ  ვერ შეძლოს თქვენს სამუშაო შეხვედრაზე დასწრება. 

გაზიარებულ ეკრანთან ფრთხილად იყავით 

თუ კოლეგებს რაიმე უნდა გაუზიაროთ, წინასწარ მოამზადეთ ფაილები, რადგან სავსებით დასაშვებია, რომ დოკუმენტი უცებ ვერ იპოვოთ. გარდა ამისა, გაზიარებულ ეკრანთან ფრთხილად უნდა იყოთ – ისეთ შემთხვევებზეც გვსმენია, როცა გაზიარებულ ეკრანზე მეგობართან მიმოწერა გაუჩაღებიათ. ასე რომ, თუ პრეზენტაციას მორჩით და სიტყვა სხვას დაუთმეთ, გაზიარებული ეკრანი დროულად გამორთეთ.  

გამორთეთ მიკროფონი

ხშირად, თუ მიკროფონი ჩართულია, სიჩუმეც შესაძლებელია არასასიამოვნო ხმაურად აღიქმებოდეს. გარდა ამისა, არავინ ვართ დაზღვეული, რომ შეხვედრის დროს დედა მჭადს არ შემოგვთავაზებს, ან შვილს არ მოუნდება ქოთანზე დაჯდომა, ამიტომ, როდესაც უბრალოდ მსმენელი ხართ, გათიშეთ მიკროფონი, ამ გზით თქვენც დაზღვეული იქნებით უხერხული მომენტებისგან, ხმასაც უკეთ გაიგებთ და მოსაუბრესაც არ შეუშლით ხელს ოთახის ხმაურით.

გაასწორეთ კამერა 

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ონლაინ შეხვედრების მთავარი გამოწვევა კადრს უკან საქმიანი გარემოს შექმნაა. უნდა დაფიქრდეთ, როგორ კადრს სთავაზობთ აუდიტორიას. შემთხვევით ტელეფონი სახის ქვემოთ ხომ არ გიჭირავთ, ან ოთახიდან ოთახში ხომ არ გადაადგილდებით, ან თქვენი ჯერ კიდევ დაულაგებელი საწოლი ხომ არ მოხვდა კადრში, ან იქნებ თქვენ უკან ფონზე თქვენი შვილები ჩხუბობენ?   

ნუ დაუშვებთ, რომ ზუმმა უეცრად გამოგთიშოთ შეხვედრიდან 

ყურადღებით იყავით, რამდენი წუთი დაგრჩათ შეხვედრისთვის. თუ ატყობთ, რომ საუბარი უფრო დიდხანს გაგრძელდა, შეხვედრის მონაწილეები გააფრთხილეთ, რომ რამდენიმე წუთში ზარი გაითიშება. ნუ დაუშვებთ, რომ შეჯამების გარეშე გამოეთიშოთ შეხვედრას და თავიდან მოგიწიოთ ყველა მონაწილესთან ცალ-ცალკე კონტაქტი და შეხვედრის შეჯამება. 

წარმატებულ და პროდუქტიულ ონლაინ შეხვედრებს გისურვებთ!