როგორ გავუფრთხილდეთ გარემოს ქაღალდის დაზოგვითა და გადამუშავებით

2 წუთის საკითხავი

თუ ამას კითხულობ, ალბათ უკვე გინდა, რომ შენი ყოველდღიური ქმედებებით მცირედი წვლილი შეიტანო ბუნების გაფრთხილებასა და გადარჩენაში… ხოლო, თუ ამ ყოველდღიურ ქმედებას 7 მილიარდი ადამიანი გაიმეორებს – შედეგებიც უფრო მასშტაბური იქნება…  

ქაღალდი განახლებადი რესურსია, თუმცა მისმა არაგონივრულმა მოხმარებამ შესაძლოა გლობალურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.  

იმისათვის, რომ უკეთ შევაფასოთ ქაღალდის გადამუშავების მნიშვნელობა, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს: 

  • ერთი 15-წლიანი ხისგან ქაღალდის 700 პარკი მზადდება, რაც დატვირთულ სუპერმარკეტს სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია გახარჯოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მარკეტის მოსამარაგებლად წელიწადში 8 571 ხე განადგურდება.
  • ერთ ტონა ქაღალდს შეუძლია გადაარჩინოს 17 ხე და დაზოგოს: 1438.46 ლიტრი ნავთობი, 4000 კილოვატი ელექტრო ენერგია, 26497.888 ლიტრი წყალი. ეს ნიშნავს ელექტრო ენერგიის 64% და წყლის 58% დაზოგვას. 
  • თუ გამოყენებულ ქაღალდს მოვათავსებთ მაკულატურისთვის გამოყოფილ ყუთში, ამ გზით, მართალია ადამიანის მიერ მოხმარებული ქაღალდის მოცულობა არ შემცირდება, თუმცა ნამდვილად შემცირდება გაჩეხილი ხეების რაოდენობა, რადგან მაკულატურა ისევ გამოყენებად ქაღალდის პროდუქციად გარდაიქმნება.
  • თუკი არ გადავამუშავებთ ქაღალდს და მხოლოდ პირველადი გადამუშავების ქაღალდებს გამოვიყენებთ  – ქაღალდის მსოფლიო მარაგი სულ რამდენიმე თვეში ამოიწურება
  • თუ ჟურნალ-გაზეთების ინდუსტრია ერთ მილიონ ტონა პირველად ქაღალდს გადამუშავებულით ჩაანაცვლებს, შედეგად მივიღებთ: 
  1. ისეთივე ეფექტს, როგორიც მთელი წლით 248 000 ავტომობილის მოძრაობიდან ამოღებას ექნებოდა.
  2. იმდენ დაზოგილ ენერგიას, რამდენიც საჭიროა 216 000 სახლის მთელი წლით მოსამარაგებლად.
  3. დაზოგილ წყალს, რომელიც საკმარისი იქნება 15 000 საცურაო აუზის ასავსებად.

ახლა კი, რადგან უკვე ვიცით, თუ რამხელა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია ქაღალდის გადამუშავებას და ამ რესურსის გაფრთხილებას, შეგვიძლია გადავიდეთ ქაღალდის დაზოგვის რჩევებზე, რომლებიც გამოგადგებათ ყოველდღიურობაში:

ამობეჭდვამდე კარგად დაფიქრდით 

ოფისებში ამობეჭდილი დოკუმენტების 45% ამობეჭდვიდან 24 საათში გამოუსადეგარი ხდება, ამიტომ, პირველი კითხვა, რაც აუცილებლად უნდა დასვათ ქაღალდის ბეჭდვამდე არის: “ნამდვილად მჭირდება?” 

გადაამოწმეთ 

თუ გადაწყვეტთ, რომ ქაღალდის ამობეჭდვა აუცილებელია, მაშინ კარგად დააკვირდით დაბეჭდვამდე ამოვარდნილ ფანჯარას – preview: იმ ფორმატით იბეჭდება, რომელიც თქვენ გსურთ? იქნებ უფრო მცირე ფონტით უნდა ამობეჭდოთ?

ყურადღება მიაქციეთ თავისუფალ ადგილებს

ქაღალდის საგრძნობლად დაზოგვას შეძლებთ თავისუფალი ადგილების ათვისებით.

აბზაცების ამოღებით და ფონტის შემცირებით სამგვერდიანი ფურცლის გვერდნახევრამდე დაყვანა შეგიძლიათ. 

აკონტორლეთ გვერდების რაოდენობა

ამობეჭდვამდე თვალი გადაავლეთ გვერდების რაოდენობას და გახსოვდეთ, რომ თუ ქაღალდის ორივე გვერდს გამოიყენებთ, საგრძნობლად შეამცირებთ ამობეჭდილი ქაღალდების ოდენობას. 

ერთად გავუფრთხილდეთ ბუნებას