სკუტერის ყიდვა გადაწყვიტეთ? მაშინ ეს უნდა იცოდეთ

2 წუთის საკითხავი

თუ სკუტერის შეძენას ფიქრობთ, თქვენთვის ძალიან საინტერესო რჩევები გვაქვს!

გაიცანით ჩვენი სტუმარი, რომელიც თავის გამოცდილებას გაგიზიარებთ:

ანა-ნანა ჩიკვილაძე – დიზაინერი და ANA N ANA-ს დამფუძნებელი, რომელიც თუ ქუჩაში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა თავისი გამორჩეული ჩაფხუტით, რომელიც თვითონ დაამზადა: 

skutero scooter chapxuti

რა უნდა გავითვალისწინოთ სკუტერის შეძენისას?

თუ თქვენც ისეთივე გამოუცდელი ხართ, როგორიც მე ვიყავი, როდესაც ჩემს პირველ სკუტერს ვყიდულობდი, აუცილებლად ყურადღება გაამახვილეთ წარმომავლობაზე და ბრენდზე. მე გირჩევთ თქვენი არჩევანი იაპონურ ან იტალიურ სკუტერებზე შეაჩეროთ, რომელიც მაღალი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევა. მე იაპონური, Honda Today შევარჩიე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე კარგი ალტერნატიული ვარიანტებია იტალიური მოდელები Vespa ან Piaggio. მეორადი მოპედის ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ ძრავის რესურსი, სადამდეა მისული. და რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარეც აღსანიშნავია, რაც უფრო ნაკლებად დაზიანებულ სკუტერს იყიდით, მით უფრო ნაკლები გარანტირებული პრობლემები მოგყვებათ თან.

სკუტერის გამოწერა ჯობია თუ საქართველოში შეძენა?

დღეს არსებობს თბილისში რამდენიმე კარგი კომპანია, რომელსაც ჩამოჰყავს სკუტერები, მაგრამ თუ გამოწერას გეგმავთ, მე გირჩევდით ცენტრიდან შეგეკვეთათ ახალი მოდელი, ამ შემთხვევაში 100% დაზღვეულები იქნებით. ხოლო მეორადის შემთხვევაში, ჯობს ადგილზე ნახოთ და ისე შეიძინოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ქუჩაში სკუტერით მოძრაობის დროს?

პირველ რიგში – უსაფრთხოება! აუცილებლად თავზე უნდა გვეხუროს ჩაფხუტი და მუდმივად ვიყოთ ყურადღებით. იმის გამო, რომ მოპედი შედარებით პატარაა და მარტივად ლავირების საშუალებასაც იძლევა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მანქანის მძღოლები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სკუტერს. ჩვენი ყურადღება, სიტუაციის სწორად აღქმა და გაზომვა აუცილებელია თითოეული მანევრის შესრულებისას. 

სკუტერის დაზიანების შემთხვევაში თუ გაქვს კონკრეტული ადგილი, რომელსაც მიმართავ ხოლმე?

რამდენჯერმე დამაღალატა ჩემმა სკუტერმა და ხელოსნის დახმარება დამჭირდა.

ძირითადად, ჩემს გამოცდილ მეგობრებს ვრთავ ხოლმე ამ დროს საქმეში, ჯერ კიდევ ვერ ვერკვევი სათანადოდ და მაინც თავს ვიზღვევ შეცდომებისგან. მაგრამ ჭკუა ვისწავლე და პერიოდულად სკუტერი თავის დაზღვევის მიზნით მიმყავს ხოლმე ხელოსანთან. მე პირადად, გმირთა მოედანზე, ლუკოილამდე პატარა და ძველი ვულკანიზაცია მაქვს არჩეული. მახსოვს, სრულიად შემთხვევით მომიწია გაჩერება და მოხუცი კაცი დამეხმარა, ვერ მივხვდი რატომ დადიოდა სკუტერი უცნაურად. არ დაიზარა ამიხსნა, გამიკეთა, მთელი მექანიზმის მუშაობის არსიც გამაგებინა და შესაბამისი ზეთის არჩევაშიც დამეხმარა.

სწორედ ამიტომ, აღარ მიძებნია სხვა ვარიანტი და ნებისმიერ პრობლემაზე ამ ადგილს ვაკითხავ ხოლმე.

ასევე ძალიან მეხმარება ფეისბუქ ჯგუფი “საქართველოს სკუტერები”, რჩევები ნაკლებად იწერება, ძირითადად უფრო ვაჭრობის სახე აქვს, მაგრამ დასმულ კითხვებს აუცილებლად უპასუხებენ. სწორედ ამ ჯგუფში ვყიდულობ ნაწილებს და სხვა საჭირო ინვენტარს, რაც ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია.

თბილისში რომელ ტრასას ანიჭებ უპირატესობას?

ყველაზე მეტად, ღამე გვიან სამსახურის მერე სახლში ახალი გზით წამოსვლა მიყვარს.

თუ ამ გზას ვირჩევ, ესეიგი ფიქრების განიავება მჭირდება…

გზას ვიგრძელებ ფალიაშვილის ბოლოდან, თამარაშვილი და შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გრძელი გზატკეცილი… ახალი გზა

ღამე ნახევრად ცარიელია გზები და ნაკლებად დაძაბული ვარ. ამ მომენტში შემიძლია ჩემი სკუტერით ვისიამოვნო და უბრალოდ, როგორც ტრანსპორტი ისე არ გამოვიყენო. სკუტერს დიდი სიჩქარე არ აქვს, შესაბამისად მშვიდად შემიძლია მარჯვენა მხარე დავიკავო ხოლმე და აუღელვებლად ვიმოგზაურო.

ახალი გზიდან გმირთა მოედანზე ავდივარ ისე, რომ სიჩქარეს არ ვანელებ და თუ კარგი ამინდია და სახლში არ მეჩქარება სანაპიროსკენ ჩავდივარ, ოდნავ დაღმართია და სკუტერი სიჩქარეს კიდევ უფრო იმატებს, ბოლოს გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე გადავდივარ, მოწყენილ მტკვარს გადავხედავ, რომელსაც აუცილებლად მოწყენილი ადამიანები გადაჰყურებენ… და მარჯანიშვილის ქუჩით ვაგრძელებ ლაბირინთებში, მიხვეულ მოხვეულ პატარა ქუჩებში სახლამდე გზის გაკვალვას…

იმედია, გამოგადგებათ ჩვენი რჩევები – წარმატებებს გისურვებთ!