იცით თუ არა, რომ სამზარეულოში ბევრად მეტი ბაქტერია გროვდება, ვიდრე სააბაზანოში? მიკრობების ერთ-ერთი წყარო მაცივარია. მაცივრის წმენდა 3 თვეში ერთხელ არის რეკომენდებული და განსაკუთრებულ მოტივაციას საჭიროებს. უსაფრთხოებისთვის და მეტი სისუფთავისთვის გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მაცივრის წმენდაზე.
გაათავისუფლეთ მაცივარი
თავისთავად ცხადია, რომ მაცივრის გასუფთავება მისი გამოთავისუფლებით იწყება, მაგრამ ამ დროს, ჯობს, რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ:
- უკეთესია, მაცივარი მაღაზიაში წასვლამდე გაასუფთავოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტის გამოღება მოგიწიოთ მაცივრიდან
- ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაცივრიდან გამოღებული პროდუქტი დიდხანს არ უნდა დატოვოთ ოთახის ტემპერატურაზე
- მაცივრიდან პროდუქტის გამოღება არ კმარა, საჭიროა მაცივრის ყველა განყოფილების გამოღება და სათითაოდ გარეცხვა.

გადაარჩიეთ პროდუქტი
მაცივარში ძალიან ხშირად გვრჩება ვადაგასული პროდუქტი. აბა გაიხსენეთ, რამდენ ხანს ინახავთ ე.წ. ტომატის პასტას მაცივარში, რამდენჯერ დაგჭკნობიათ მწვანილი რომელიმე თაროზე. ეს ყველაფერი, ჯობს, თავმოკრულ მდგომარეობაში გადაყაროთ ურნაში, რათა უსიამოვნო სუნისგან დაიცვათ თავი.

გარეცხეთ მაცივრის ნაწილები
მაცივრის უჯრები ღრუბლით უნდა გაირეცხოს. შუშებსა და უჯრებზე ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ კუსტარულ და ეფექტურ მეთოდსაც მიმართოთ: 2 სუფრის კოვზი სოდა და ცხელი წყალი აურიოთ ან ვაშლის ძმარი და ცხელი წყალი გამოიყენოთ. ნუ გამოიყენებთ საპონს ან სხვა სურნელოვან სარეცხ საშუალებას, რადგან ისინი მაცივარში სუნს ტოვებენ. იმ პატარა ლაქებისთვის, რომლებიც რთულად ამოსაყვანია შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა.

გარეცხეთ მაცივრის შიგთავსი და გარე კარკასი
კარგად გაწმინდეთ მაცივრის კარები. მაცივრის შიგთავსი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გაიწმინდოს კუთხეებსა და სიღრმეებში. გაწმინდეთ მაცივრის შიდა რეზინა გაზავებული ვაშლის ძმრისა და წყლის ხსნარით ან მათეთრებლით. არ გამოიყენოთ გაუზავებელი გამათეთრებელი რადგან ამან შეიძლება დაგიზიანოთ მაცივრის შიგთავსი. გაამშრიალეთ რეზინა კარგად. შემდეგ შეგიძლიათ წაუსვათ: მინერალური ზეთი ან ლიმონი რათა რეზინამ შეინარჩუნოს დრეკადობა. მაცივარი შიგნიდან მშრალი ნაჭრით გაამშრალეთ და მთლიანად გაწმინდეთ გარე კარკასი.

დააბრუნეთ პროდუქტები გარკვეული წესების დაცვით
გახსოვდეთ, რომ სანამ პროდუქტებს მაცივარში დააბრუნებთ, უნდა გაამშრალოთ. თუ გინდათ, რომ მაცივარში სასიამოვნო სურნელი შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ ჩაყაროთ ყავა პატარა ჭურჭელში და შედოთ მაცივარში, ან ბამბას დაასხათ ერთი წვეთი ვანილისა და ლავანდას ექსტრაქტი, ან ლიმონის წვენი. გახსოვდეთ, რომ ერთმანეთისგან
განცალკევებულად უნდა შეინახოთ ხილი და ბოსტნეული.

Leave a Reply