მეზობლობა კარანტინში

3 წუთის საკითხავი

კარგად დაფიქრდით და ამ შეკითხვას შემდეგ უპასუხეთ: ვინ არის ის ადამიანი, ვინც სახლის წინ ყოველდღე თქვენს საპარკინგე ადგილს იკავებს? ან ის ვინ იქნება, ვინც იატაკის ჯოხს ჭერს ურახუნებს, რათა გაგაგონოთ, რომ უკვე ძალიან შეწუხდა ამხელა ხმაზე მუსიკის მოსმენით? ან ის ვინ არის, კარზე რომ მოგიკაკუნებს და გეტყვის, ამ კარანტინში მაღაზიაში ნუ ჩამიშვებ, ერთი-ორი კვერცხი მასესხეო?  

რა თქმა უნდა, მეზობელი. და მეზობლები დღეს იმაზე დიდი დოზით გვყავს, ვიდრე ოდესმე.

მეზობლური ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მოგვწონს ეს თუ არა, ამას უნდა შევეგუოთ.

მითუმეტეს დღეს, როცა მთელი ქვეყანა სახლში ვრჩებით და ფაქტობრივად, მათ გარდა ვერავის ვხედავთ. ახალ ამბებსაც მათთან ერთად განვიხილავთ და კორონაზე კონსპირაციულ თეორიებსაც სწორედ მათგან ვისმენთ.

მეზობლებთან 2 მ. დაშორებით საუბრისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს ვირუსი აზიელებმა ჩინურ ბანანში სპეციალურად შეიყვანეს, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. ასეთი ისტორიის წყარო კი შეიძლება მეზობლის ბიძაშვილის ცოლის ძმის ძმაკაცის კლასელი იყოს, რომელიც ჩინურ ლაბორატორიაში დაცვად მუშაობს.

თანაც მეზობლები არც ისე ცოტანი არიან: წინა მეზობელი, გვერდითა, ქვედა, დიაგონალური, ჰორიზონტალური, სინუსოიდური, ბიკვადრატული. მოკლედ, მათი მნიშვნელობის განსაზღვრა მათემატიკურ უნარებს საჭიროებს, არადა ამ ტიპის კავშირს ისედაც საკმარისი პასუხისმგებლობები ახლავს. პირველ რიგში ის, რომ მათი არსებობა არასდროს უნდა დაგავიწყდეთ, რადგან ვინ იცის როდის დაგხვდებათ ლიფტთან და თქვენი დაუდევრობის გამო შენიშვნების მთელ დასტას გადმოგიშლით.

ის კი არა, შეიძლება ლიფტის ღილაკის დაჭერამდე ხელის სანიტაიზერიც კი არ დაგისხათ, რადგან შეამჩნიოს, რომ თვითიზოლაციის წესებს არ იცავთ და გაგიბრაზდეთ და საერთოდაც, ლიფტით მგზავრობაც აგიკრძალოთ, კაბინაში ყოფნის დროს კი შეჭმუხნული სახით რამდენჯერმე აგათვალიერ-ჩაგათვალიეროთ.

არადა, კაცმა რომ თქვას, რას ვერჩით მათ? მთავარია, როგორ შევხედავთ ამ ყოველივეს, თორემ კარგი მეზობელი თქვენი კვერცხით გამომცხვარ ნამცხვარსაც გიწილადებთ და თუ საჭირო გახდა, სანაცვლოდ ხახვსაც და ნიორსაც არ დაიშურებს. თუ გაგიმართლათ, ხმაურსაც ღირსეულად აიტანს და სხვა თუ არაფერი, ჭერზე კაკუნის ნაცვლად, მეორე დღეს მოწიწებით გთხოვთ, იქნებ ამ ინგლისურების ნაცვლად რამე რუსულები ჩართოთო, ან ხმას მაინც დაუწიეთო.

მოკლედ, ჩათვალეთ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. როგორც მიუდგებით, ისეთივე ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ, ოღონდ ძალიანაც ნუ მოინდომებთ, თორემ კარანტინის გაუქმების შემდეგ შესაძლოა ოჯახის ახალი მაცხოვრებელიც შეიძინოთ, რომელიც მთელი დღე თქვენს ყავას წრუპავს და ცარიელი ჭიქიდან მომავლის განჭვრეტასაც გთხოვთ.

თუმცა მეზობლური ურთიერთობების განხილვა მხოლოდ ნეგატიური კუთხითაც ხომ არ შეიძლება? მათგან ბევრი სახის დახმარებასაც იღებთ, მითუმეტეს თუ სახლში მარტო ხართ და უცნაური ნახაზების მქონე ახალი კარადა გაქვთ ასაწყობი, ან უბრალოდ ჯანმრთელობა გაწუხებთ და გვერდში დგომა გჭირდებათ. კომენდანტის საათის დროს ყავა რომ დაგიმთავრდეთ, ვის მიმართავთ? ამ დროს მეზობელი ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება, რომელიც არასდროს მიგატოვებთ.

მასწავლებელი რომ იყოთ და ინტერნეტი გაგეთიშოთ, დისტანციურ გაკვეთილს როგორ ჩაატარებთ? – ამ დროს, რა თქმა უნდა, მეზობლის შვილის კომპიუტერი დაგჭირდებათ, რომელსაც მისსავე ოთახში მოიკალათებთ და რამდენიმე საათი სხვა რამის კეთებას აიძულებთ.

რამდენადაც დაბალანსებული არ იყოს მეზობლებთან ურთიერთობა, დაძაბულობა მაშინ იწყება, როცა მათ კერძო საკუთრებას ექმნება საფრთხე. დისკომფორტს და სიმყუდროვის დარღვევას კიდევ პატიობს ხალხი ერთმანეთს, დაუბანელი ხელებით სახელურზე შეხებასაც მოგიტევებენ და კარანტინის წესებს თუ დაარღვევთ, პოლიციასაც არაფერს ეტყვიან, მაგრამ ვაი თუ გათენდა ისეთი დღე, როცა ონკანში მოშვებული დაგრჩათ და სამსახურში ისე წახვედით.

დატბორვა 
მეზობლობა
წყლის ჩაშვება

უკან დაბრუნებულს საკუთარი სახლი ვენეციურ ქუჩას მოგაგონებთ, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, თქვენი ქვედა მეზობლის სახლი წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ დაყენებულ კაბრიოლეტს გაგახსენებთ. დიდი შანსია, ის მეზობელი, რომელსაც ადრე კვერცხს აძლევდით ნამცხვრის გამოსაცხობად და მერე ქვედა მეზობლის შვილზე სალაპარაკოდ სტუმრობდით, დოინჯშემორტყმული დაგხვდეთ კართან და ხელში უკანასკნელ თეთრამდე დათვლილი ბიუჯეტი ეჭიროს ზარალის ასანაზღაურებლად.

კიდევ უფრო უარესია თუ ღამით დაგრჩებათ წყალი მოშვებული, რადგან მეზობელი მამლის ყივილამდე ამოგივარდებათ სახლში, საკუთარი თვალით დაათვალიერებს მომავალი ომის დაწყების ადგილსა და მიზეზს და შედეგად, ძილიც გაგიფუჭდებათ, დღეც წარუმატებლად დაიწყება და ვალიც დაგედებათ. თანაც სად გაიქცევით? ვერსად, რადგან თვითიზოლაცია და სახლში დარჩენა დღეს ყველა ჩვენგანის ვალია.

ამ დროს სასწორზე მეზობლური ურთიერთობების გარდა, დიდი თანხაც იდება. ამიტომ სჯობს ყურადღებით იყოთ და წყალი არ დაგრჩეთ, მაგრამ რადგან არავინ იცის რა დაგვემართება, სჯობს მეზობლის ბინის ზარალი წინასწარ დააზღვიოთ ალდაგში.

მეზობლობის დაზღვევა

დააზღვიე მეზობლობა თვეში 5 ლარიდან: https://mezobloba.aldagi.ge/

Posted by ალდაგი | Aldagi on პარასკევი, 01 მაისი, 2020

ბოლოს და ბოლოს, ასეთი შემთხვევის შემდეგ, ხახვზე ხომ უნდა მიგესვლებოდეთ?