მეკო აბრამიას გურული ხაჭაპური
საჭირო ინგრედიენტები:
300 გრ ფქვილი
125-130 გრ კარაქი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი (ძალიან გავსებული რომ არ იყოს) საფუარი
1 სუფრის კოვზი (სავსე) შაქარი
150 მლ თბილი წყალი
100 გრ სულგუნი
250 გრ იმერული ყველი
4 ცალი კვერცხი
მომზადების წესი:
გამოცხობის დრო 10-15 წუთი
ღუმელში 225-250 გრადუსზე
ვიწყებთ საფუარის გააქტიურებით- თბილ წყალში ვყრით საფუარს, ვამატებთ შაქარს და ასევე 2 სავსე სუფრის კოვზ ფქვილს, ამ ყველაფერს კარგად ვურევთ (ისე რომ გაიხსნას საფუარი და შაქარი) და ვასვენებთ 10-15 წუთი.
ამასობაში 2 ცალი კვერცხი უნდა დავდგათ მოსახარშად, მაგრად უნდა მოიხარშოს, ამიტომაც სანამ ჩვენს ცომს და შიგთავსს მივხედავთ მანამდე ვაცდით მომზადებას.
საცერში ვცრით ფქვილს, რომ უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გახდეს, დავახეხავთ კარაქს და კარგად მოვზელთ (ისე, რომ კარაქი სულ შეერიოს ფქვილს), შემდეგ კი ამ მასას ნელ-ნელა დავუმატებთ გააქტიურებულ საფუარს და მარილს.
ამის მერე ვიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, ცომი კარგად უნდა მოიზილოს, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება,დავაგუნდავებთ, შევფუთავთ და დავასვენებთ 30-40 წუთის განმავლობაში რომ ამოვიდეს.
სანამ ცომი ისვენებს, საცერზე გავხეხავთ ორივე სახეობის ყველს და კარგად შევურევთ ერთმანეთში, დავუმატებთ ერთი კვერცხის გულს, გადავზელთ ისევ და გუნდასავით შევკრავთ რომ დაისვენოს.
ამასობაში, ჩვენი მოხარშული კვერცხი დავჭრათ რგოლებად.
ამოსულ ცომს ავწონით, დაახლოებით 300 გრ გვჭირდება ერთი ხაჭაპურისთვის. გადავზელთ, კიდევ ერთხელ, 10 წუთი ჰაერზე დავასვენებთ და გავაბრტყელებთ ისე რომ მივიღოთ თხელი, ერთგვაროვანი მასა.
ცომის შუაგულში მოვათავსოთ შიგთავსი რკალისებურად და ზემოდან დავალაგოთ კვერცხის ნაჭრები (ისე რომ ყველი მთლიანად დაიფაროს). ცომის ნახევარს გადმოვაფაროთ შიგთავსი და მივცემთ რკალის ფორმას, ისე უნდა შევკრათ ხაჭაპური, რომ ცომი თანაბრად განაწილდეს ყველა კუთხეში, შესაკრავად ჩანგლის პირი გამოყენებაც არის შესაძლებელი.
საბოლოოდ, კი ხაჭაპურს გადავდებთ ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ლანგარზე, ზემოდან წავუსვამთ 1 ცალ კვერცხის გულის ათქვეფილ მასას (მთლიანად რომ დაიფაროს) და ცხობისას, ცომის გასკდომა, რომ თავიდან ავირიდოთ ზედაპირი დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
Voilá
Bon Appetit
ანი მახარაშვილის ფხლოვანა
საჭირო ინგრედიენტები:
300 გრ ფქვილი
½ ჩაის კოვზი საფუარი
ცოტა მარილი
გულსართისთვის:
დაახ. 2 კონა ჭარხლის ფოთოლი
300გრ ყველი
მომზადების წესი:
თავდაპირველად, ვიწყებთ ცომის მოზელას-ამისათვის დაგვჭირდება ფქვილი, წყალი, საფუარი და ცოტა მარილი, ცომს კარგად მოვზელთ და დავასვენებთ 20 წუთის განმავლობაში.
სანამ ჩვენი ცომი ისვენებს, მოვამზადოთ შიგთავსი- ძალიან წვრილად ვჭრით ჭარხლის ფოჩს და 5 წუთის შემდეგ ვწურავთ, ( სასურველია ცოტა კამაც), ამის შემდეგ, გახეხილ ყველს ვაყრით, (ჭარხლის ფოთლები და ყველი უნდა იყოს თანაბარი რაოდენობის) და გემოს მისაცემად ვუმატებთ ცოტა მარილს, ამის შემდეგ შევახვევთ ჩვენს ფხლოვანას ცომში და გავაბრტყელებთ მაქსიმალურად.
საბოლოოდ, კი გაცხელებულ ტაფაზე, ყველანაირი ცხიმის გარეშე, ვაცხობთ, ხუთი წუთიც არ სჭირდება თითო გვერდს, სიწითლე, რომ შეეპარება, ამოვაბრუნოთ, ზემოდან წავუსვათ კარაქი ან ერბო და ჩვენი ფხლოვანაც მზად არის დაგემოვნებისთვის!
Leave a Reply