როგორ მივხვდეთ, რომ სახლში ბუნებრივი აირი ჟონავს?

3 წუთის საკითხავი

ყველაფერი უსაფრთხოა, როდესაც სწორად ვიყენებთ, მათ შორის გაზის გამათბობელი სისტემებიც, თუმცა არასწორმა დამონტაჟებამ ან უყურადღებოდ მოპყრობამ შესაძლოა გამოიწვიოს გაზის გაჟონვა. ასეთ შემთხვევებს მძიმე და საშუალოდ მძიმე შედეგები აქვს ხოლმე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზიანება ან მხუთავი აირით მოწამვლა. 

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გამათბობელი სისტემების პრობლემებიც იზრდება და ადამიანებს შიში იპყრობთ. ჩნდება კითხვა — როგორ უნდა ამოვიცნოთ, მწყობრშია თუ არა ჩვენი მოწყობილობები? 

გამოგვყევით და ამას ჩვენ მარტივად და გასაგებად მოგიყვებით.

როგორ მივხვდეთ, რომ სახლის გამათბობელი სისტემებიდან გაზი ჟონავს? 

ამის მისახვედრად უამრავი ნიშანი არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე მარტივად გასაგებ და შესამჩნევ გზებს გასწავლით. პირველ რიგში, გაზის გაჟონვის შედეგად შედეგი შესაძლოა მყისიერი არ იყოს, დროში გაიწელოს და აღმოსაჩენად დღეები ან კვირებიც კი დაგჭირდეთ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. 

სუნი

გაჟონვის აღმოსაჩენად პირველი გზა სუნია, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც შესამჩნევია. მართალია, ბუნებრივ აირს სუნი არ აქვს, თუმცა მოწყობილობები მაინც გამოსცემს სპეციფიკურ სუნს. ყოველდღიურად მიდით თქვენს გამათბობელთან ახლოს და დააკვირდით: თუკი შეიგრძნობთ გოგირდის მსგავს სუნს, აუცილებლად მიმართეთ უსაფრთხოების ზომებს. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ გაზი ჟონავს, მაგრამ სიგნალია, რომ შესაძლოა პრობლემები გქონდეთ. 

ხმა

კიდევ ერთი გზა, გაჟონვის შესამჩნევად, ხმაა. შესაძლოა თქვენი გამათბობელი გამოსცემდეს შიშინის, სისინის ან ტკაცუნის მსგავს ხმას, რომელიც მისთვის არ არის დამახასიათებელი. ყური უგდეთ და თუკი ასეთ ხმაურს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ შესაბამის სამსახურს და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. 

მნიშვნელოვანია, რომ ხმაური და სუნი ყველა იმ მოწყობილობასთან შეამოწმოთ, რომელიც თქვენს სახლში გაზთან არის დაკავშირებული, რადგან გაზის გაჟონვა მხოლოდ გამათბობლიდან არ ხდება. 

ვიზუალური ნიშნები

გაზის გაჟონვის აღმოსაჩენად საკმარისი სიგნალი შეიძლება აღმოჩნდეს ვიზუალური ნიშნებიც, რომელიც ხშირად არის დამახასიათებელი ასეთ დროს. პირველ რიგში, დააკვირდით, რა ფერია ცეცხლის ალი თქვენს ღუმელზე. თუკი ის ძალიან ყვითელ ან ფორთოხლისფერს იღებს, მოლურჯოს ნაცვლად, შესაძლოა გაზი ჟონავდეს. 

გარდა ამისა, თუკი ცეცხლის ანთება გიჭირთ ან ანთებული ხშირად ქვრება, ეს შესაძლოა სწორედ იმის ბრალი იყოს, რომ დაერთების მილებთან რაღაც რიგზე არაა. 

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც უშუალოდ თქვენს ჩარევას მოითხოვს. აავსეთ ჭიქა წყლით, შემდეგ კი მასში ერთი წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე გაურიეთ. სითხე, რომელსაც მიიღებთ მორევის შედეგად, ფუნჯის ან მსგავსი ხელსაწყოს დახმარებით, კარგად წაუსვით ისეთ ადგილებში, სადაც გაზის მილები ერთმანეთს უერთდება. დააკვირდით კარგად, თუკი გადაბმის ადგილებში პატარა ღრუბლები წარმოიქმნება, ესეიგი თქვენი მილებიდან გაზი ჟონავს და სასწრაფოდ მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. 

ფიზიკური სიმპტომები

თუ თქვენს სახლში „გაზი აპარებს“, ამას ფიზიკური ნიშნებითაც შეიძლება მიხვდეთ. სუნთქვის გართულება, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ცხვირიდან სისხლის წამოსვლა, თვალებისა და ყელის გაღიზიანება — ეს ის ნიშნებია, რომელიც ორგანიზმს არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდების დროს უჩნდება, რაც შესაძლოა გაზის გაჟონვის ბრალი იყოს. ასეთ დროს, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი გაზის მოწყობილობები და მიმართეთ 112-ს. 

გაზის გადასახადი

როგორც წესი, ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს, გადასახადი საგრძნობლად იზრდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რამდენს იხდიდით წინა თვეებში და რამდენის გადახდა გიწევთ ახლა. ეს შეიძლება ნათელი ნიშანი იყოს იმის მისახვედრად, რომ სახლში გაზი ჟონავს. 

როგორ მოვიქცეთ როცა გაზის გაჟონვას აღმოვაჩენთ? 

გაზის გაჟონვის დადგენის შემდეგ, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. ამ წესების მკაცრად დაცვა აუცილებელია: 

•    პირველ რიგში, აუცილებლად გახსენით ფანჯრები და გაანიავეთ სახლი;
•    არ გამოიყენოთ გაზის მოწყობილობები, მათ შორის არც ელექტრო ღუმელი;
•    გაზის ცენტრალური ჩამკეტიდან გამორთეთ გაზის მიწოდება; 
•    დატოვეთ საცხოვრებელი, დარეკეთ 112-ში და უთხარით თქვენი პრობლემის შესახებ; 
•    შემდეგ მიმართეთ გაზის პროვაიდერ კომპანიას და მათაც უთხარით, რომ სახლში ბუნებრივი აირი ჟონავს;

როგორ ავირიდოთ თავიდან გაზის გაჟონვა და სხვა გართულებები?

ამაში გაზის დეტექტორები დაგეხმარებათ, რომელიც სახლში უნდა დაამონტაჟოთ. ის ადგენს, როდის ჟონავს ბუნებრივი აირი და შესაბამის სიგნალს გაძლევთ, რათა სწრაფად მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. 

თუ თქვენს ქონებას ალდაგში დააზღვევთ, სხვა სარგებელთან ერთად, გაზის დეტექტორი საჩუქრად გადმოგეცემათ. ზამთარში ასეთი მოწყობილობა საუკეთესო საჩუქარია, რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაში.