ივანე ჯავახიშვილისა და კიტა აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, კათოლიკური ეკლესიის პირდაპირ, დიდი კუთხის სახლი დგას. შენობის წინა მხარეს მემორიალური დაფაა, სადაც ვკითხულობთ: „ამ სახლში 1918-1940 წლებში ცხოვრობდა დიდი ქართველი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, ივანე ჯავახიშვილი“. შენობას აბაშიძის ქუჩიდან თუ ჩაუყვებით, შიდა ეზოს მიადგებით, სადაც ორ სართულიანი სახლის ძველ, ლამაზ ხის აივანს შეამჩნევთ. სახლი 167 წლის წინ არის აშენებული. სხვადასხვა დროს აქ ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ადამიანი ცხოვრობდა, მათგან ყველაზე ცნობილი ფიგურები – ივანე ჯავახიშვილი და ლიტერაურული კრიტიკოსი, კიტა აბაშიძე. დღეს აქ მათი შთამომავლები ცხოვრობენ, ერთ მხარეს ჯავახიშვილის, მეორეში კი კიტა აბაშიძის. ძველი, მნიშვნელოვანი პირადი ნივთების უმეტესობა მუზეუმებში ინახება, თუმცა, სახლის ორივე ნაწილს მაინც ეტყობა ისტორიის კვალი: საუკუნის წინანდელი ბუხრები, ძველი ფოტოები კედლებზე, დაახლოებით 120 წლის წინ კომპოზიტორ, ანტონ რუბინშტეინის ნაჩუქარი როიალი, ძველი კარადები, ცხენის გამოსახულებიან ხის კარი და აშ. ეზოს ბოლოში ბაღია, რომელსაც 1900-იან წლებში ცნობილი მებაღე, მიხეილ მამულაშვილი პატრონობდა.
მიხეილ ჯავახიშვილის შვილიშვილი, არქიტექტორი, თარხუჯ ჯავახიშვილი აქაურობის საუკეთესო მემატიანეა. ის ამ სახლში დაიბადა და ბავშვობის პირველი წლებიც აქვე გაატარა. მართალია ამჟამად სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ ამ ადგილთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.
„ ეს სახლი 1853 წელსაა აშენებული. არქიტექტორზე და აქ მაცხოვრებლებზე ბევრი არაფერი ვიცით. აქაურობის ისტორია 1870 წლიდანაა ცნობილი, როცა სახლი ორბელიანებმა შეიძინეს. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის არაა, თუმცა თბილისითვის იმდენად ძველია, ამ მხრივ ნამდვილად არის ღირებული. ჩვენი ქალაქი 1500 წელს ითვლის, როგორც დედაქალაქი, მაგრამ ფიზიკურად 200 წელზე მეტის არაა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ თბილისში არ დარჩენილა საცოხვრებელი თუ საზოგადეობრივი მნიშვნელობის შენობა, რომელიც 200 ან მაქსიმუმ 220 წელზე მეტის იქნება. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ეკლესია და ნარიყალას ციხესიმაგრე.
1870 წელს აქ დასახლდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი. ალექსანდრე თორნიკე ერისთავის შვილიშვილი იყო. მარიამი კი ერკლე მეორის შთამომავალი მარიამი ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოში პირველი ქალთა გიმნაზია. იყო კავკასიის სამუსიკო საზოგადოების პირველი თავმჯდომარეც, რომელიც კომპოზიტორ ანტონ რუბინშტეინის მხარდაჭერით შეიქმნა. სწორედ მას აჩუქა რუბინშტეინმა როიალი, რომელიც ახლა აქ დგას. ის აქტიურად იყო ჩართული ასევე მთარმგმნელობით საქმიანობაში და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრიც იყო. მარიამი და ალექსანდრე ძალიან ახლობლობდნენ ილია ჭავჭავაძესთან.
ილია და ოლგაც ამავე ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ხშირად დადიოდნენ აქ. ცნობილი ამბავია, რომ მარიამი ოლგასთან ერთად იყო უკანასკენილი ადამიანი, რომელმაც ილია მკვლელობის წინა საღამოს ცოცხალი ნახა.
არსებობს მარიამის მოგონება, სადაც ის ყვება, რომ მათთან სახლში მისულს, ოლგა ძალან შეშფოთებული და განერვიულებული დახვედრია. ილიას საგურამოში წასვლასთან დაკავშირებით მარიამს კარტი გაუშლია, ცუდი ქაღალდი ამოსვლია და ამბობდა რაღაც საშინელება მოხდებაო. ილიას მარიამისთვის არ დაუჯერებია მაინც წასულა. მეორე დღეს კი მისი მკვლელობის ამბავი გაიგეს.
ალექსანდრეს და მარიამს შვილები არ ჰყავდათ და ამიტომ, მთელი ყურადღება მარიამის ძმის, ნიკოლოზის შვილებზე ჰქონდათ გადატანილი. 1898 წელს ნიკოლოზის ქალიშვილი, ქართული პროფესიული ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებელზე, კიტა აბაშიძეზე გათხოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ მეორე ქალიშვილი, ანასტასია ივანე ჯავახიშვილს გაჰყვა ცოლად. იმ პერიოდში ივანე და ანასტასია პეტერბურგში ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ჩამოდიოდნენ ხოლმე. კიტას და მის მეუღლეს ხშირად ქუთაისსა და ჭიათურაში უწევდათ ყოფნა, რადგან კიტა იქ მუშაობდა. კიტა და ივანე მალევე დამეგობრდნენ და ბევრ რამეში ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
1917 წელს კიტა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა და მისმა მეუღლემ და ოთხმა შვილმა ორბელიანებთან განაგრძეს ცხოვრება. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც ქონების ჩამორთმევა დაიწყეს და პოლიტიკური სიტუაციაც შეიცვალა, მარიამმა ნათესავებს უთხრა – მოდით, ბარემ ერთად დავსახლდეთ, სახლი დიდია და გვეყოფაო. იმ დროს უკვე ივანე და ანასტატიაც ჩამოვიდნენ საქართველოში. მათ სამი შვილი ჰყავდათ, შუათანა – კახა, იყო მამაჩემი. გარკვეულ დროის განმავლოვაში აქვე ცხოვრობდნენ ივანეს და, ძმა და დედა. ასევე ორბელიანების ნათესავი, მარიამ წერეთელი, თავისი შვილებით. მოგვიანებით აქ ცხოვრობდნენ რჩეულიშვილებიც, მათ შორის მწერალი გურამ რჩეულიშვილი, რომელიც ივანეს უმცროსი დის, ალექსანდრას შვილიშვილი იყო. ბიძაჩემი ამბობდა ხოლმე ადრე, ნოეს კიდობანივით იყო ეს სახლიო. მართლაც იმდენი ადამიანი ცხოვრობდა, სად ეტეოდნენ გასაკვრია.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უნივერსიტეტის დაარსების საქმეზე მუშაობა. ამ ამბავში მარიამსაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ფულადი შენაწირით, ისე საზოგადოებრივი აქტივობის მხრივ.
მამიდაჩემი იგონებდა ადრე, 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკების შემოსვლის დროს ერთ ღამეს კარზე კაკუნი გაისმაო. ხელისუფლების წარმომადგენელი იყო მოსული და ივანეს უთხრეს, ჩვენთან ერთად წამოდი, ერთი საათში სატვირთო მანქანა მოვა და რაც წასაღები გაქვთ, მოკრიბე და წამოდიო, მაგრამ მან უარი განაცხადა.
მეორე დილით უკვე გიორგი ახვლედიანი და შალვა ნუცუბიძე მოვიდნენ და შეშფოთებულებმა აცნობეს, უნივერსიტეტის გასაღებს თხოულობენ და რა ვქნათ, უნდა მივცეთ ალბათ, მუშტი-კრივს ხომ ვერ გავმართავთო. ივანე მივიდა უნივერსიტეტში, გააღო კარი, შიგნიდან ჩაკეტა და თქვა: ახლა ვისაც უნდა შემოვიდესო. მერე ეტყობა ეყოთ გონიერება და არ გაამწვავეს, 2 დღე საკუთარ პატიმრობაში იმყოფებოდა და მერე გამოუშვეს, რაღაცნაირად მოგვარდა ეს საკითხი.
სახლი რაღანაირად გადაურჩა ჩამორთმევას, არც არავინ შემოუსახლებიათ, ისედაც ბევრნი იყვნენ. რაღაც ხელწერილივით მისცეს ივანეს, რომელსაც კომუნისტების უმაღელესი პირები აწერდნენ ხელს – ორახელაშივილი და ელიავა. იქ ეწერა, რომ ეს სახლი არ ევქემდებარებოდა ჩამორთმევას, შევიწროებას და ჩხრეკას. ამ ქაღალდმა გვიშველაო, მამაჩემი ამბობდა. პატარა იყო, მაგრამ ახსოვს, რომ დღე არ გავიდოდა, კარზე ბრახუნი არ ამტყდარიყო. ავაფარებდით ამ ქალღალდს წინ და წავიდოდნენ, მერე სხვები მოვიდოდნენ და ასე გრძელდებოდა რაღაც პეიროდიო.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ ჯავახიშვილების მხარე, რაღაცნაირად გადავურჩით ამ რეპრესიებს. კიტას უფროსი ვაჟი 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა და დახვრიტეს. კიტა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, ისიც ვერ გადარჩებოდა. იმ პერიოდმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ყველაზე. კარგად მახსოვს, უკვე 60-70-იან წლებში, როცა ასე ყველაფერზე აღარ იჭერდნენ და ანეკდოტის მოყოლა ან ლაპარაკი საშიში აღარ იყო, ეს სტრესი ისე ჰქონდათ გამჯდარი, რომ ზაფხულობით, როცა ფანჯრები ღია იყო და საუბარში ვინმე რამეს გაკვრით იტყოდა პოლიტიკურს, კიტას ქალიშვილი, თამარი, მაშინვე ფანჯრას დახურავდა ხოლმე.
ზოგადად, ოჯახში ბევრს არაფერს გვიყვებოდნენ. ახლა რომ ვიხსნებთ, გვწყინს კიდეც ზოგჯერ, მაგრამ არ ვიცი, შიძლება ესეც შიშის გამო იყო და ჩაკეტილები იყვნენ რაღაცნაირად. ბებია მკაცრი ხასიათის, პრინციპული ქალი იყო. მას ასეთი რაღაც აქვს ნათქვამი ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის: გახსოვდეთ ის რომ, თქვენ ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილები ხართ, ამაში თქევნი არავითარი დამსახურება არ არის. შეეცადეთ, მინიმუმ ისე მაინც მოიქცეთ, რომ ამ ადამიანის სახელს ოდნავი ჩრდილიც კი არ მიაყენოთო.
ეს ოთახი, სადაც ახლა ვართ, ივანეს კაბინეტი იყო. აქ იდგა მისი წიგნების კარადა და მაგიდა. თუმცა, ამ სახლში ყოველთვის იმდენი ხალხი იყო, მარტო ალბათ იშვიათად ახერხებდა დარჩენას. ბავშვობაში სულ მესმოდა, რომ ეს იყო პაპას კაბინეტი, ნაწილობრივ აბსტრაქციასავით იყო. მეორე, რაც მასთან დაკავშირებული მახსოვს, ეს ამბავია: დედასთან ერთად მივდიოდი ვაკეში, ალბათ 3-4 წლის ვიქნებოდი და უნივერსიტეტთან ჩავიარეთ. დედამ, მოდი შევიდეთ, პაპას საფლავი არისო აქ. კარგად არც მესმოდა რა იყო ეს საფალავი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც გასნაკუთრებული ადგილი იყო. პაპას კაბინეტი და პაპას საფლავი – ეს ორი რაღაც დაილექა ჩემს მეხსიერებაში ბავშვობიდან.”
Leave a Reply