ერთია, შეაფასო ნამუშევარი მუზეუმის კედელზე და მეორეა, ნახო ის კედლები, სადაც ეს ნამუშევარი იქმნებოდა. ბევრი ცნობილი არტისტის სახლი დღეს მუზეუმად ტრანსფორმირდა და შეგვიძლია, ვესტუმროთ – ჯერ-ჯერობით ვირტუალურად.
ჟან კოკტუ – საფრანგეთი
1950 წელს, ჟან კოკტუმ, რომელსაც ფილმის გადაღებები ახალი დასრულებული ჰქონდა, შვებულების გატარება საფრანგეთში ფრანგულ რივიერაზე გადაწყვიტა. მოგვიანებით მან სახლის მოხატვა დაიწყო. არტისტმა ექვსი თვე გაატარა ვილაში და ამ ხნის განმავლობაში ხატავდა თითოეულ კედელს. დღეს ეს ადგილი ცნობილია სახელით ,,ტატუირებული ვილა”. ეს არის საოცარი სივრცე, სადაც შეგიძლიათ მთელი დღე აღმოჩენებში გაატაროთ.
ოგიუსტ როდენი – საფრანგეთი
როდენმა ეს ვილა პარიზის გარეუბანში 1895 წელს შეიძინა. ეს სივრცე მისი შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრი გახდა. როდენს აქ 50-მდე დამხმარე ჰყავდა დასაქმებული, რომლებსაც მხატვრის მეგობრებისა და თაყვანისმცემლების გამასპინძლება ევალებოდათ. დღეს როდენის სახლი რესტავრირებულია და პირვანდელ იერსახეს ატარებს. აქაა მისი ადრეული მხატვრობაც, მაგალითად ცნობილი ნამუშევარი „ჯოჯოხეთის კარიბჭე.“ პოეტი რაინერ მარია რილკე, რომელიც გარკვეულ დროით როდენის ასისტენტი იყო, წერილში „ შესანიშნავი შთაბეჭდილება“ აღწერს „თვალისმომჭრელ თეთრ ქანდაკებებს, რომლებიც როდენის სახლის შუშის კარიდან, როგორც აკვარიუმიდან, იყურებიან.“
კლოდ მონე – საფრანგეთი
კლოდ მონეს სახლი მისი მხატვრული სტილის განსახიერებაა. არტისტმა ნორმანდიის პატარა სოფელში 40 წელზე მეტი გაატარა. სახლი მდინარე ეპტეს ახლოს მდებარეობს, რომელიც მონეს ინსპირაცია იყო. მონეს სახლი გამორჩეულია მისი მხატვრობისთვის დამახასიათებელი ფერებით: ვარდისფერი ექსტერიერი, ნათელი ლურჯი ფერის კედლები, ინტერიერში ბევრი მწვანე და ყვითელი. დაათვალიერეთ აქ
სალვადორ დალი- ესპანეთი
სალვადორ დალიმ ესპანეთის პატარა სოფელში მეთევზის ქოხი შეიძინა. სახლის ერთ ოთახში განთავსებული იყო სასადილო და საძინებელი სივრცე. პატარა სამზარეულოსა და აბაზანას კი ოთახისგან ორსაფეხურიანი კიბე ჰყოფდა. სალვადორ დალი თავის ავტობიოგრაფიაში წერს: „მინდოდა, ყველაფერი პატარა ყოფილიყო. რაც უფრო პატარაა სივრცე, მით უფრო ჰგავს საშვილოსნოს.“ მომდევნო 40 წლის შემდეგ ეს გეგმა შეიცვალა. სოფელი არტისტის მუდმივი საცხოვრებელი და ინსპირაცია გახდა. ტერიტორია ცოცხალ ორგანიზმს დაემსგავსა, დაემატა 4 ქოხი, ტერიტორიაზე კვერცხის ფორმის გიგანტური სკულპტურებია განთავსებული, სახლი დალის შეგროვებული კოლექციითა და მისი ნამუშევრებითაა სავსე. დაათვალიერეთ აქ
ფრიდა კალო – მექსიკა
ლურჯი სახლი ფრიდა კალოს მამამ 1904 წელს ააშენა. ფრიდამ მთელი ცხოვრება ამ სახლში გაატარა. 1958 წელს სახლი მუზეუმად ტრანსფორმირდა და ის განასახიერებს ფრიდას მთელ ცხოვრებას, მის შემოქმედებას, ინტერესებს, მის ურთოერთობას დიეგო რივერასთან. ლენინის და მაოს პორტრეტები ამშვენებს კედელს ფრიდას საწოლთან. კედლებს მთლიანად ფრიდას ნამუშებრები ავსებს. მისი ეტლი სტალინის დაუმთავრებელ ნამუშევართანაა განთავსებული. იქვეა ფრიდას ფერფლიც. დაათვალიერეთ აქ
ოგიუსტ რენუარი – საფრანგეთი
მხატვარი პიერ ოგიუსტ რენუარის საზაფხულო სახლი საფრანგეთში, Essoyes-ში დღეს მუზეუმის სახით ფუნქციონირებს. ეს არის ადგილი, სადაც სადაც რენუარი და მისი ცოლი, მოდელი ალინა შარიგო 1986 წლიდან 1919 წლამდე, ანუ მხატვრის სიცოცხლის ბოლომდე ზაფხულს ატარებდნენ. ამ სახლის რესტავრაციას, მისი ინტერიერისა და ეზოს შენარჩუნება-რესტავრაციას 1 მლნ ევრო მოხმარდა. დღეს ეს სივრცე ღიაა დამთვალიერებლისთვის. ჩვენ კი ვირტუალურად შეგვიძლია დავათვალიეროთ. დაათვალიერეთ აქ
რემბრანდტი – ჰოლანდია
ცნობილმა მხატვარმა ეს შენობა 1639 წელს, თავისი მეუღლისთვის, სასკიასთვის შეიძინა. სამწუხაროდ, მოგვიანებით რემბრანდტს ფინანსური მდგომარეობის გამო შენობის გაყიდვა მოუხდა. ასევე მოუწია საკუთარი ნივთების და ნამუშევრების აუქციონზე გაყიდვა. საბედნიეროდ, სახლის აღდგენა მოხეხდა და კერძო კოლექციებიდან არტეფაქტები ისევ რემბრანდტის სახლს დაუბრუნდა. დღეს აქ მუზეუმი ფუნქციონირებს.